თეგი: ტოივო კლაარი

დავით ზალკალიანმა და ტოივო კლაარმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რუსეთის პოლიტიკის შედეგად რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებს, მზარდ მილიტარიზაციას, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ადამიანის უფლებების დარღვევებს. „აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებზე და ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და ერთიან ეროვნულ, ინკლუზიურ პროცესს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. საუბარი შეეხო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ სტრატეგიის შემდგომი განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.  

ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცის გამო, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სომხეთში ჩავა.  ევროკავშირმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მთიან ყარაბაღში ვითერების გამწვავების შემდეგ და ორივე ქვეყანაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა.  „ბოლო საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ. ძალზე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ყველა ძალა უნდა დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც ადრე იკავებდა. ეს ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ტოივო კლაარი: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია „საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზითა და ფორმით გამოხატა ინტერესი, რომ ჩართულიყო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება", - ამბობს კლაარი და განმარტავს, რომ სჯერა, საქართველოს შესაძლებლობის, შეუწყოს [მეზობლებს] ხელი ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან მისივე თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში.  „საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს კლაარი.  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმ რისკებსა და გავლენებზეც საუბრობს, რომელიც საქართველოს მეზობელ სომხეთსა აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო ექმნება.  „ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც", - განმარტავს დიპლომატი.  

ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ტოივო კლაარმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ჰქონდა სასარგებლო შეხვედრები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვენაში და ახლა ბაქოში „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ გეგმავს.   

ტოივო კლაარი: ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში, მდგრადი მშვიდობა სურს

ევროკავშირს სურს უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დღეს სტამბოლში TRT World Forum-ზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა. „თუმცა, 30 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს. ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ამაზე. თურქეთი, ასევე დიდ როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა ტოივო კლაარმა.   

ტოივო კლაარი: საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლემა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, თანამშრომლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზრდება და მჭიდრო გახდება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მისასალმებელია საქართველოს სურვილი, მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხიდის როლი შეასრულოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, და აქ საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ვიმედოვნებ, მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და საქართველოს დედაქალაქი კვლავ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც უმაღლესი დონის, ისე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის. „თბილისი იყო ის ადგილი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა და კვლავ შეძლება ასეთ ადგილად იქცეს როგორც ლიდერთა შეხვედრებისთვის, ისე განსხვავებული ფორმატებისთვის. საქართველო ამ მხრივ გეოგრაფიულადაც ძალიან მოსახერხებელია, აქ ჩამოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან სწრაფად და იოლად შეიძლება. საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ სამმა ქვეყანამ, რომელიც ერთ სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, სცადოს და იპოვოს თანამშრომლობის არეალები. მაგალითად, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხებში და სხვა. მე ძალიან დიდი პოტენციალს ვხედავ ახლაც და სამომავლოდაც“, - განუცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ტოივო კლაარის თქმით, ოკუპირებული სოხუმი და თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან

„ამჟამად არც ოკუპირებული სოხუმი და არც თბილისი მზად არ არიან ან არ არიან ოფიციალური მოლაპარაკების წარმართვის მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ოკუპირებული აფხაზეთის გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს. „ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები იქნება. ჩვენ გვსურს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს სასაუბრო თემები შესთავაზონ. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არამხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ, მეორე მხარის პრიორიტეტების განხილვისთვისაც“, - განაცხადა ტოივო კლაარმა. ამავე ინტერვიუში მან დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებენ. „შემიძლია, ცალსახად დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს ომისკენ არავინ უბიძგებს. აშშ-ის ელჩმა თბილისში არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ის მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“. შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს შეიერაღება, აფხაზეთში (სტილი დაცულია) იწვევს შეშფოთებას“, ტოივო კლაარი პასუხობს: ვერ ვხედავთ აგრესიულ განზრახვას საქართველოს მხრიდან. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ტოივო კლაარი: ზუსტად და ცალსახად შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს არავინ უბიძგებს ომისკენ

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებენ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, ყალბია. „ზუსტად და ცალსახად შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს არავინ უბიძგებს ომისკენ და აშშ-ის ელჩმა თბილისში, არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ის მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“ , - განაცხადა ტოივო კლაარმა.  

ტოივო კლაარმა მოსკოვში, თბილისსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეხვედრები გამართა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი გაეროს და ეუთოს კოლეგებთან ერთად, მოსკოვში, თბილისში, ოკუოირებულ ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრების გამართვის შესახებ იტყობინება. ტოივო კლაარი Twitter-ზე წერს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდისთვის მომზადება იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში (EUSR), ტოივო კლაარს მანდატი კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 31 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო. ტოივო კლაარი ამ თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, კერძოდ, საქართველოში კრიზისს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ასევე, წაახალისოს რეგიონული თანამშრომლობა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მეზობელ ქვეყნებს შორის. კლაარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირს წარმოადგენს. ტოივო კლაარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებაში მუშაობდა. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო.    

ტოივო კლაარი: ძალიან სერიოზული განვითარებაა, რომელიც ასახავს კონფლიქტის ადამიანურ ფასს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა. „ძალიან სერიოზული განვითარება, რომელიც ასახავს საქართველოს კონფლიქტის უწყვეტ ადამიანურ ფასს,“ - წერს კლაარი X-ზე და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებას აზიარებს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“   განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა  

ტოივო კლაარი: ჟენევის მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს. „ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან. ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ტოივო კლაარმა სომხეთში ვიზიტი შეაჯამა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა სომხეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ხაზი გავუსვი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოგვარების უზრუნველსაყოფად. მოხარული ვარ ბაქოსა და ერევანს შორის არსებითი ორმხრივი კონტაქტებით და მოუთმენლად ველით აზერბაიჯანელ თანამოსაუბრეებთანაც ხელახალ სრულად ჩართულობას არჩევნების შემდეგ,“ - წერს კლაარი. ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში  

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ მისი თხოვნა იანვრის ბოლოს აფხაზეთში ჩასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მას უკვე მეორედ უთხრეს უარი ოკუპირებულ რეგიონში შესვლაზე. თავის განცხადებაში, რომელიც Jam News-მა 26 იანვარს გამოაქვეყნა, კლაარი წერს, რომ „აფხაზეთის შედარებითი გახსნილობა არ უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლი.“ ვროკავშირის წარმომადგენელი დასძენს, რომ „პირიქით, ახლა საჭიროა მეტი, და არა ნაკლები პირდაპირი პირადი კონტაქტები, რათა გაიცვალოს შეხედულებები და შეფასებები ბოლოდროინდელ და მიმდინარე მოვლენებზე და განხილული იყოს შემდგომი ურთიერთჩართულობის შესაძლებლობები.“ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში „სულ უფრო მეტი შეზღუდვები დაწესდა ჩვენს მუშაობასა და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაზე.“ ტოივო კლაარი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი „მთავარ როლს ასრულებს დიალოგისა ხელშეწყობისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“ ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც თბილისსა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის. „ამ კონტექსტში და ჩვენი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში,” განაგრძო კლაარმა, „ევროკავშირი ხელს უწყობს ან აფინანსებს ჰუმანიტარული პროგრამების მნიშვნელოვან რაოდენობას აფხაზეთში უკვე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.” ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებებისა და უთანხმოებებისა ზოგიერთ ძირითად საკითხზე, „ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას და ჩართულობისთვის სივრცის უზრუნველყოფას ყველა იმ სფეროში, რაც მე აღვნიშნე.“ მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, განათლება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვა. ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის და, შესაბამისად, აფხაზეთისთვის დახმარების შეზღუდვა მხოლოდ გაამწვავებს იმ გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო. სპეციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ამჟამად აფხაზეთი, როგორც ჩანს, იკეტება. „მე ვერ ვხედავ, რამდენად არის ეს მოვლენები ვინმეს ინტერესში, განსაკუთრებით, აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში,“ – წერს კლაარი და იმედოვნებს, რომ შეზღუდვები დროებითია და მალე დაიძლევა. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

ტოივო კლაარი თბილისშია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. „საუბარი შეეხო რეგიონში წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა.  ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, „მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. „შეხვედრისას ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განიხილა, მათ შორის ბოლო დროს, სოხუმში მიმდინარე მოვლენები და დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ დაეშვათ ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში. შეხვედრის დასასრულს, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო პროცესის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.“  

ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა

"ევროკავშირი 15 წელზე მეტია, აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად," - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა გამოცემა JAM news-თან ინტერვიუში განაცხადა. კლაარმა კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რომელიც იანვარში გამოთქმულ მის მოსაზრებას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. მაშინ მან განაცხადა, რომ ორჯერ განუცხადეს უარი აფხაზეთში სამუშაო ვიზიტებზე. JAM news-თან კომენტარში კლაარი ამბობს, რომ არ ელოდა, თუ მისი მოსაზრება „ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით - აფხაზეთში.“ „მინდოდა, საჯაროდ მესაუბრა აფხაზეთში წვდომის სირთულეებზე, რომლებიც ახლახან შემექმნა (ეს არ იყო დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვიზიტებთან)... მე მესმის სიტუაციის სირთულე, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთქმედების სივრცის შემცირება ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთში შემოდინებული დახმარებაც – მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს. ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემი აზრი ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით აფხაზეთში. ძალიან კარგი იყო იმის დანახვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ საინტერესო დებატებში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.“ ოკუპირებულ აფხაზეთში პროექტების დაფინანსებაზე საუბრისას კლაარმა დასძინა, რომ „ეს ძირითადად ხდება აფხაზეთში მყოფი პარტნიორების მეშვეობით, როგორებიც არიან გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება.“ „ეს პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს და სხვა. ეს არის ასევე პროექტები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად და ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად,“ ამბობს ტოივო კლაარი. მისი თქმით, 2008 წლიდან სულ დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაიხარჯა მხარდაჭერის პროგრამებზე, „ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და დიალოგზე“. „ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ასევე აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით გამოსცა ენგურჰესის შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში სინათლე არ იქნებოდა. და სხვათა შორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, ანუ ის ასევე დიდად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას,“ აღნიშნავს კლაარი. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზურ ენას, ისტორიულ არქივებს, კოლხური ბზის და თუნდაც აფხაზური ღვინოების გადარჩენას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გმობის რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს სრული დეოკუპაციისკენ.  

ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩავიდა

15 მარტს, ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. სააგენტო რეს-ის ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა „გამყოფი ხაზის“ გადაკვეთისთვის. მისი თქმით, აფხაზეთში საგუშაგოების რაოდენობა ისევ იმ რაოდენობის გახდა, როგორიც იყო კორონავირუსის პანდემიამდე. თანათავმჯდომარეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი შეხვდა. კოჩიევის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ ვადასტურებთ შეფასებებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და აღვნიშნავთ მის როლს არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ საკამათო საკითხების გადაწყვეტილებების პოვნა. თავად ის ფაქტი, რომ პროცესი არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 15 წელია, გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გარკვეული სტაბილურობა რეგიონში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სტაბილურობისადმი ნდობის განმტკიცებისთვის,“ - განაცხადა კოჩიევმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეუმჩნეველი არ რჩება საგარეო პოლიტიკური მოღვაწეების მოწოდება თბილისისადმი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. "ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ საზღვარზე სტაბილურობაა, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყება სურს. თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ საქართველოსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას, რაც ზრდის უსაფრთხოების არსებულ რისკებს," - აღნიშნა კოჩიევმა რადიო თავისუფლების ცნობით. 13 მარტს ჟენევის დისკუსიის თანამთავმჯდომარე ტოივო კლაარი სოხუმს ესტუმრა. მანამდე დიპლომატს უარს ეუბნებოდნენ სამუშაო ვიზიტებზე. „აფხაზეთში ჩვენ მივაღწიეთ იმდენივე გადაკვეთის პუნქტების რაოდენობას, რამდენიც პანდემიის გავრცელებამდე იყო. აქ, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მსგავსი სურათი, რათა ხალხისთვის საზღვრების გადაკვეთა გაადვილდეს,“ - განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც განიხილეს. "აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და ახლობლებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე. ჩვენ სრულად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვსურს ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამოსავლის მოსაძებნად," - აღნიშნა კლაარმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაეროს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთოს წარმომადგენელი) გამართა. „კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხებსა და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართება. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა  

უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინეს

ჯოზეფ ბორელმა უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ტოივო კლაარის კანდიდატურას უზბეკეთის მთავრობის ოფიციალური თანხმობის შემდეგ დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, ესტონელი დიპლომატი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.  

ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ 9 მაისი, ევროპის დღე, საერთო ზეიმის დღე უნდა იყოს, თუმცა „ხალხის მტრების“ და ანონიმური სატელეფონო ზარების ფონზე უჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო. ის ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, გული სტკივა. „ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. საით მიდიხარ, საქართველო?“ - წერს ტოივო კლაარი.